
გაიუს იულიუს კეისარი (ლათ. IMP•C•IVLIVS•CAESAR•DIVVS)იყო ძველი რომის ერთ-ერთი უდიდესი პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაზე, მხედართმთავარი, რეფორმატორი, მწერალი და ორატორი. წარმოშობით პატრიცი. 68 წელს გახდა კვესტორი, 65-ში - ედილი, 62-ში პრეტორი, 60 წელს შეკრა კავშირი პომპეუსთან და კრასუსთან სენატის წინააღმდეგ (პირველი ტრიუმვირატი). 59 წელს გახდა კონსული, 46-ში აირჩიეს დიქტატორად. 44 წელს მოკლეს შეთქმულებმა. მისი სახელი კეისარი (ცეზარი) იქცა ზოგადად მონარქის აღმნიშვნელ სიტყვად.
კეისრის ახალგაზრდობა სულას დიქტატურას დაემთხვა. ეს იყო უაღრესად სისხლიანი დრო რომის ისტორიაში. გაიუს მარიუსი, იმ დროისათვის უკვე გარდაცვლილი მხედართმთავარი, სულას დაუძინებელი მტერი კეისარს ბიძად ეკუთვნოდა (მამიდის — იულიას მეუღლე). ეს, კი სასიკვდილო განაჩენი იყო იმ დროს. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ კეისარი ძალიან ახალგაზრდა იყო, სულა მასში უკვე ხედავდა ძლიერ პიროვნებას და მისი რეჟიმის მტერს. კეისარი იხსნა ვესტას ქურუმ ქალთა თხოვნამ. კეისარს რომში აღარ დაედგომებოდა. იგი წავიდა საბერძნეთში, სამოგზაუროდ და სასწავლებლად. სულას გარდაცვალების შემდგომ კეისარი ისევ დაბრუნდა რომში, სადაც დაიწყო აქტიური პოლიტიკური მოღვაწეობა. კეისარს სამომავლოდ დიდი პროექტები ჰქონდა დაგეგმილი, მათ განსახორციელებლად კი საჭირო იყო ძალაუფლების ხელში ჩაგდება.
პირველი თანამდებობა, რომელიც მან მიიღო, იყო სამხედრო ტრიბუნობა, ანუ ლეგიონის მეთაურობა. ამ თანამდებობაზე ან კონსულები ნიშნავდნენ, ან სახალხო კრებაზე ირჩევდნენ. კეისარი სწორედ ხალხმა აირჩია სამხედრო ტრიბუნად. მას მეტოქეც ჰყავდა ამ თანამდებობაზე - გაიუს პოპილიუსი - მაგრამ ხალხმა პოპილიუსს კეისარი ამჯობინა.მალე კეისარმა კვესტორობაც მიიღო. სახალხო კრებამ კეისარი ედილად აირჩია. ამ გამარჯვების აღსანიშნავად და ხალხის სამადლობლად კეისარმა დიდი საცირკო სანახაობა გამართა - 320 წყვილი გლადიატორი გამოიყვანა და ერთმანეთს შეაწყვიტა “დიდი რომაელი ხალხის” თვალსასეიროდ. ცირკის არენაზე აქამდე არავის ენახა ასეთი სიმრავლე მეომრებისა, არც ასეთი სიმდიდრე შეიარაღებისა: გლადიატორები ერთმანეთს ხოცავდნენ ვერცხლის აღჭურვილობით. კეისარს გაცილებით მეტი გლადიატორი ჰყოლია გამზადებული იმ დღეს ცირკში გამოსაყვანად, მაგრამ მონა-მეომართა სიმრავლემ დააფრთხო კეისრის პოლიტიკური მომტერენი და სენატს საგანგებო დადგენილება მიაღებინეს, ამიერიდან კეისარს და სხვასაც აკრძალვოდათ განსაზღვრულ რაოდენობაზე მეტი გლადიატორის შეგროვება.
63 წლის ბოლოს, მომავალი წლისთვის, კეისარი არჩეულ იქნა პრეტორად.
კეისრის აშკარად გამოხატული მონარქისტული ტენდენციები რესპუბლიკელთა აღშფოთებას იწვევდა. მის წინააღმდეგ შეითქვა სენატორთა (ადრე მის მიერ შეწყალებულ მოწინააღმდეგე რესპუბლიკელთა) მცირე ნაწილი; დაახლოებით 60 კაცი. მათ ხელმძღვანელობდნენ გაიუს კასიუს ლონგინუსი, მარკუს იუნიუს ბრუტუსი და დეციმუს იუნიუს ბრუტუსი. (არსებობს გადმოცემა, რომლის თანახმადაც კალპურნიას, მის მეუღლეს დაესიზმრა ცუდი სიზმარი და დაითანხმა კეისრი უარი ეთქვა სენატში წასვლაზე. კეისარმა ცოლს დაუჯერა, თუმც ცრუმორწმუნე არ იყო. ერთი ვერსიის თანახმად, სწორედ ამ სხდომაზე უნდა ეღიარებინათ კეისარი მეფედ. მაგრამ კეისარს მისივე მკვლელები ესტუმრნენ სახლში, გადააფიქრებინეს სახლში დარჩენა და სენატში წაიყვანეს. შეთქმულებს ეჩქარებოდათ; 18 მარტს პართიაში გალაშქრებას აპირებდა კეისარი. გზაში, უცნობმა მას ტახტრევანში წერილი შეუგდო, სადაც მის წინააღმდეგ შეთქმულებაზე აფრთხილებდა, და თან მიაძახა "მხოლოდ შენ წაიკითხე, კაისარო, და სასწრაფოდ"-ო. მაგრამ კეისარს ეს წერილი შეუნახავს სხვა დროს წასაკითხად. სენატთან კეისარმა მისანი სპურინნა დაინახა, რომალმაც მას ადრე ურჩია მარტის იდუსს ერიდეო. კეისარმა მას ღიმილით მიმართა "მარტის იდუსიც მოვიდა". სპურინნამ კი ცივად უპასუხა "მოვიდა, მაგრამ ჯერ არ გასულა.").
ძვ. წ. 44, 15 მარტს, შეთქმულებმა, რომის სენატში, პომპეუსის ქანდაკებასთან მოკლეს კეისარი.
მიუხედავად კეისრის ხანმოკლე სიცოცხლისა, მის მიერ დაწყებული პროცესი შეუჩერებელი აღმოჩნდა; რესპუბლიკის დღეები დათვლილი იყო. მონარქია, როგორც ალბათ იმ დროისთვის ყველაზე ოპტიმალური წყობილება, კეისრისთვის რომის სახელმწიფოს გადარჩენას ნიშნავდა. ქვეყანაში მომხდარი ყველა რეგრესიული თუ ნეგატიური მოვლენა კეისრის ყურადღების ქვეშ ექცეოდა: კორუფცია, უმუშევრობა და პარაზიტული არსებობა, ფლანგველობა, პაუპერიზაცია, უწიგნურობა და ბევრი სხვა რამ მისი ყოველდღიური ზრუნვის საგანი გახლდათ. ის კულტურულ-ეკონომიური პროგრესი, რაც რომის სახელმწიფომ ავგუსტუსის მმართველობის პერიოდში განიცადა, განაპირობა სწორედ კეისრის ბოლო წლების მოღვაწეობამ. კეისრის გრანდიოზული გეგმები აღემატებოდა ერთი ადამიანის შესაძლებლობებს, თუმც, რომ არა ნაადრევი სიკვდილი, მას შესაძლოა განეხორციელებინა კიდეც თავისი სტრატეგიული გეგმები. იულიუს კეისარი მიეკუთვნება ადამიანთა იმ მცირე ჯგუფს, რომელთაც შესძლეს კარდინალურად შეეცვალათ მსოფლიო ისტორიის განვითარების გეზი.
No comments:
Post a Comment